
თურქეთის პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ მათგან კონკრეტული პირობების შესრულებას ითხოვს.
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი სტოკჰოლმსა და ჰელსინკს მოუწოდებს, გადახედონ ურთიერთობას თურქეთში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ასევე, ხაზს უსვამს შვედეთის მიერ იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების აუცილებლობას თურქეთისთვის.
"როგორ უნდა ვენდოთ შვედეთსა და ფინეთს? როგორც ჩანს, ისინი აქ ორშაბათს ჩამოვლენ. ალბათ უნდათ, რომ დაგვიყოლიონ. მაპატიეთ, მაგრამ ნუ შეწუხდებიან. ამ პროცესში ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით მათთან, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს, რადგან ნატო უსაფრთხოების ორგანიზაციაა. არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს ღია, მკაფიო მოსაზრება ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მაშინაც კი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ გმობენ ტერორიზმს, მაინც უარს გვეუბნებიან კონკრეტული ტერორისტების ექსტრადიციაზე", - თქვა ერდოღანმა.
სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ასევე შედგა თურქეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, სადაც ერდოღანმა განაცხადა, რომ ვიდრე ფინეთი და შვედეთი არ აჩვენებენ მკვეთრ სოლიდარობას თურქეთის მიმართ, ის მზად არ არის მხარი დაუჭიროს მათ განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით.
განცხადება გააკეთა ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემაც. მან Twitter-ზე დაწერა, რომ თურქ კოლეგასთან ღია და პირდაპირი საუბარი ჰქონდა, რომელშიც აღნიშნა, რომ ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით.