
კახეთში პოლიცია 19 საათზე მეტია, სავარაუდო დამნაშავეს ეძებს, რომელმაც 1 ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა. სოსო გოგიაშვილის კვალზე ძალოვანი უწყება ჯერ ვერ გავიდა.
სამართალდამცველებმა გოგიაშვილის ნათესავების გამოკითხვა დაასრულეს. სავარაუდო დამნაშავის ცოლი, გოგიაშვილის ძმის სახლში იმყოფება. ის ამბობს, რომ მის მეუღლეს მძიმედ სცემეს.
"თავში ჩაარტყეს ქვა და კინაღამ მოკლეს. ორივე ძმებმა დაიჭირეს, დაიგდეს ქვეშ. თავში ჩაარტყეს სისხლი გადიოდა და დღესაც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა", - ამბობს გოგიაშვილის ცოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით სოფელ აკურაში გოგიაშვილმა სანადირო თოფით 46 წლის კახა მჭედლიშვილი მოკლა, მისი ძმა და დედა კი დაჭრა. ასევე, ტყვია შემთხვევით მოხვდა სავარაუდო დამნაშავის შვილსაც. ადგილობრივების ინფორმაციით, ის წარსულშიც იყო ნასამართლევი. მეზობლები ამბობენ, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება ჯართის ქურდობის გამო დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი
ამავე თემაზე: