"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ანალიტიკოსი ჰანს გუტბროდი. გამოქვეყნდა სტატია სათაურით "რეფეოდალიზაცია პოლარიზაციის ნაცვლად".
პროფესორი განმარტავს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ უნდა დასრულდეს პოლარიზაციაზე საუბარი და ამ ტერმინით ქვეყანაში არსებული რეალობის აღწერა, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესები რეფეოდალიზაციისკენ არის მიმართული. გუტბროდი წერს, რომ საქართველოში ზეწოლის ქვეშაა, ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია და ყველა ის ინსტიტუტი თუ ცალკეული ადამიანი, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს ან უბრალოდ არ ეთანხმება.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ბევრ წევრს ითრევენ, იყენებენ, ამცირებენ და ანადგურებენ.
"რა თქმა უნდა, ოპოზიცია ბევრ რამეს არასწორად აკეთებს, მაგრამ არც ერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი. ბევრი ექსპერტი, რომელიც სიამოვნებას იღებს საქართველოში ოპოზიციის ფიგურების დაცინვით, თავადაც ბევრ შეცდომას დაუშვებდა, წლების განმავლობაში წარმოუდგენლად ასიმეტრიულ შანსებს თუ შევუქმნით.
ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ფიგურის სიცრუე და ფანდები მეც მაღიზიანებს. სამწუხაროდ ასეა. მენატრება სარწმუნო ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ. მაგრამ ისიც მართალია, რომ სისტემა მთლიანად გაყალბებულია და ბევრი ოპოზიციონერი მარგინალიზებულია, დაქანცულია და ეფექტურად ვეღარ იბრძვის. ბევრს არც ფული აქვს საკმარისი, თუმცა ამის აღიარება ძნელია არათუ საჯაროდ, არამედ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთანაც კი.
სისტემა ასიმეტრიული ჩანს თავად მმართველ პარტიაშიც. „ქართული ოცნების“ ბევრ წარმომადგენელს, რომელსაც ტექნოკრატობა სურს, ჯერ ითრევენ, შემდეგ იყენებენ, ამცირებენ და ანადგურებენ. ჩემი აზრით, ბევრი მათგანი მაქსიმალურად ცდილობდა ქვეყნისთვის სიკეთე მოეტანა, მაგრამ სამწუხაროდ ცოტამ მიაღწია წარმატებას და ბევრ მათგანზე კვლავ იქნება შემონახული რაიმე სახის კომპრომატი. გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ სიტუაცია გაცილებით გაუარესდა. რამდენადაც მე ჩემთვის არის ცნობილი, ის და გიორგი კვირიკაშვილი ცდილობდნენ გარკვეული სივრცე დაეტოვებინათ გონივრული საქმეების შესასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ მათი კაბინეტების მნიშვნელოვანი ნაწილი არასოდეს ყოფილა მათი კონტროლის ქვეშ. ახლა სხვა ჯგუფი აკონტროლებს მთავრობას.
მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ძალაუფლების, პრივილეგიებისა და ფულის ვერტიკალური მოძრაობა საქართველოს ხალხისა და ინსტიტუტების ხარჯზე და არა რაიმე სახის ჰორიზონტალური პოლარიზაცია. პასუხისმგებლობა საქართველოს დემოკრატიისა და ინსტიტუტების განვითარებაზე პირდაპირ ეკისრება მთავრობას, რადგან მთელი ძალაუფლება მის ხელშია.
მანკიერი რეფეოდალიზაცია არის შესაბამისი ტერმინი იმისთვის, რაც დღეს საქართველოში ხდება, და მოდით, საბოლოოდ თავი დავანებოთ ტერმინ პოლარიზაციას, რომელიც ასეთი სასარგებლო ფარია მართლაც ბოროტმოქმედი მსახიობებისთვის, რომლებიც ახლა ქვეყანას ძარცვავენ", - წერია სტატიაში.
იხილეთ ასევე: