ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება, თუ რატომ არ ეძლეოდათ აქამდე ექიმებს მესამე პრეზიდენტისთვის ექსპერტიზის ჩატარების საშუალება და რატომ არღვევდა პენიტენციური კანონს, როცა მათ არც ციხეში და არც კლინიკაში არ უშვებდა.
ამ თემაზე მან სასამართლო პროცესის შემდეგ ისაუბრა სადაც მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დამოუკიდებელ ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისცა.
"მოსამართლემ როგორც იქნა წაიკითხა კანონი და დააკმაყოფილა შუამდგომლობა. რაც შეეხება პენიტენციურის პასუხს, ეს არის უტიფარი პასუხი, მე ვფიქრობ, მოვუწოდებ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ამდენი თვის განმავლობაში რატომ არღვევდა პენიტენციური სამსახური კანონს. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 30 დეკემბრიდან თურმე ფიქრობდნენ გადაყვანას პაციენტის სამოქალაქო საავადმყოფოში და ამის გამო პასუხი ვერ გაგვცეს.
ეს არის მტკნარი სიცრუე, მათ შეეძლოთ მოეწერათ, ორ წერილზე 30 დეკემბრიდან მოყოლებული პასუხი დღემდე არ არის, ვფიქრობ პროკურატურამ უნდა განაგრძოს მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა ჯიშკარიანმა.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ "როგორც იქნა" სასამართლომ მიიღო პენიტენციურისგან წერილი, რომელიც "არაფერს ამბობდა". წერილში აღნიშნული იყო, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება დაცვის მხარეს არ ეძლეოდა, რადგან არ იცოდნენ მიხეილ სააკაშვილს სად გადაიყვანდნენ.