
ტეხასის გუბერნატორის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც უვალდეს დაწყებით სკოლაში, 21 ადამიანი მოკლა, თავისი გეგმების შესახებ Facebook-ზე თავდასხმამდე 30 წუთით ადრე დაწერა.
გრეგ აბოტის თქმით, თავდამსხმელის პირველი მესიჯი იყო: "მე ვაპირებ, რომ ვესროლო ბებიაჩემს" ამის შემდეგ მან დაწერა: "მე ვესროლე ბებიაჩემს" და "დაწყებით სკოლაში სროლას ვაპირებ".
ტეხასის გუბერნატორის განცხადების შემდეგ Meta-ს (Facebook-ის) პრესსპიკერმა თქვა, რომ თავდამსხმელის მიერ დაწერილი მესიჯები "პირადი ტექსტური შეტყობინება იყო".
"მესიჯები, რომლებზეც გუბერნატორმა ისაუბრა, პირადი ტექსტური შეტყობინებები იყო, რომელიც საშინელი ტრაგედიის შემდეგ აღმოაჩინეს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან მიმდინარე გამოძიებაში",-თქვა მან.
ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლა 24 მაისს მოხდა. შემთხვევის შედეგად 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი დაიღუპა. შეიარაღებული პირი სალვადორ რამოსი, სამართალდამცავებმა მოკლეს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ტეხასის გუბერნატორმა თქვა, რომ 18 წლის ეჭვმიტანილი უვალდის საშუალო სკოლაში სწავლობდა.
ამავე თემაზე: