
ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება "დესტაბილიზაციას" და "რევოლუციის" მოწყობას ემსახურებოდა. პრემიერმა ჩვეულ აგრესიულ ტონში, პარლამენტში მიმდინარე ინტერპელაციისას 2008 წლის აგვისტოს ომს კიდევ ერთხელ უწოდა "უგუნური ომი" და ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში. მესამე პრეზიდენტს კი ტრადიციულად შეურაცხყოფა მიაყენა:
"იცით რა არის უბედურება, თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია არაფერი არ გაგაჩნიათ რეალურად, ერთადერთი რაც ჰქონდათ ამათ დარჩენილი ბერკეტი, რომ რაიმენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა. ესეც ვერ მოახერხეს შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდისტ-საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის მოწყობა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. არ გამოუვიდათ, არ გამოგივათ არასოდეს" თქვა ღარიბაშვილმა.
მის ამ აგრესიულ ტონს დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, ღარიბაშვილმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანი წითლიძეს.