
საერთოდ ვინ ჰგონია გლუკსმანი ღარიბაშვილს ეგ მაინტერესებს. მე მგონი, თავის დედოფლისწყაროელი მეზობელი...- ამბობს ენმ-ს დეპუტატი ეკა ხერხეულიძე ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის შეფასებისას.
კრიტიკული სტატიით გაღიზიანებულმა ღარიბაშვილმა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ლანძღა ფრანგული გამოცემა "ფიგაროც" და რაფაელ გლუკსმანიც.
ხერხეულიძის თქმით, ღარიბაშვილი წყობიდან იმ ფაქტმა გამოიყვანა, რომ არაფერი იცოდა ამ სტატიის შესახებ და მოულოდნელი აღმოჩნდა მისი წაკითხვა საკანონმდებლო ორგანოში:
"მათთვის იყო მოულოდნელი ის, რაც წავიკითხე. იმიტომ, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ და თავისთავად რეაქციაც დაუფარავი და ღია იყო. სწორედ ისეთი, როგორიც სჩვევიათ ხოლმე. მანამდე რიტორიკა გამოცვლილი ჰქონდა ღარიბაშვილს. ის საუბრობდა მედასავლეთეს ენით, რაღაც ნაწილში, რომ პარტნიორებთან ურთიერთობას ძალიან უფრთხილდებიან და აღაშფოთათ ამ წერილმა და გლუკსმანი დაასახელეს წყაროდ. თან აგდებით...საერთოდ ვინ ჰგონია გლუკსმანი ღარიბაშვილს ეგ მაინტერესებს. მე მგონი, თავის დედოფლისწყაროელი მეზობელი... ეს არის გავლენიანი ევროპარლამენტარი, გავლენიანი პოლიტიკოსი და არ მგონია, რამე სარგებელი მოუტანოს ღარიბაშვილს მისმა ლანძღვამ" თქვა ხერხეულიძემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმრის" ეთერში.
ბინძური და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა ღარიბაშვილმა le figaro-ს პუბლიკაციას სათაურით, "საქართველო შორდება ევროკავშირს მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად", რომელიც სწორედ მისი ფოტოსურათითაა გამოქვეყნებული და სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. ღარიბაშვილის დასკვნით, სტატია ევროპარლამენტარ გლუკსმანის შეკვეთილია და მისი ავტორი ჟურნალისტიც ამავე ევროპარლამენტარის მეგობარია.