
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 15 დღეა კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს, თუმცა მისი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. სასამართლო განჩინების მიუხედავად, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებს დამოუკიდებელ ექსპერტებს.
ბოლო ინფორმაციით, ცენტრ "ემპათიას" ექიმები დიდი ალბათობით, მუშაობას მომდევნო კვირიდან შეუდგებიან. სწორედ "ემპათიას" მიერ მომზადებული დასკვნა შეიძლება გახდეს მიხეილ სააკაშვილის ევროპის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი წინაპირობა.
ექიმი, ოთარ თოიძე კვლავ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საჭირო მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.
"ის რომ მას სამედიცინო დახმარება სჭირდება მრავალპროფილური და სჭირდება თუ არ სჭირდება, ამას გადაწყვეტს სამედიცინო ექსპერტთა კომისია, რომლის გაფართოებაც არის მიზანდასახული. ვინაიდან მასალა, რომელიც უნდა დამუშავდეს მოიცავს 8-თვიან პერიოდს. გამოვიდეს ჯანდაცვის მინისტრი, გამოიყვანოს თავისი კომისია და იმ კომისიამ დაადგინოს, რომ ეს დაავადებები ამ ქვეყანაში იკურნება, მით უმეტეს ციხის პირობებში სადაც განკურნების არავითარი შანსი არ გააჩნია პაციენტს, ვინაიდან მრავალჯერ იქნა ნათქვამი, რომ ის დაავადებები, რომელიც მას სჭირს საჭიროებს გარემოს გამოცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენა არაფერი არ გამოგვივა მისი მკურნალობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით", - თქვა ოთარ თოიძემ.
ცნობისთვის, 25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.