
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს მოუწოდებს აშშ-ის საელჩოს მძიმე ბრალდებებს ნუ უყენებენ და ანტიდასავლურ პროპაგანდას ნუ ეწევიან. მისი აზრით, ანტიდასავლური პროპაგანდაა იმის მტკიცება, თითქოს მოსამართლეებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოში ვიღაცები ჩართული იყვნენ დანაშაულებრივ ქმედებაში და დისკრიმინაციაში.
კობახიძე, ასევე, დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზეწოლა არ ყოფილა.
"ნუ ეწევით ანტიდასავლურ პროპაგანდას, როდესაც საუბარი გაქვთ იმაზე, რომ აშშ-ის საელჩომ დაიბარა რომელიღაც მოსამართლე, დასაჯა იმის გამო, რომ არ მოეწონა სასამართლო გადაწყვეტილება და ა.შ ეს არის პირდაპირი ბრალდება დანაშაულში, დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩარევასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში. ასეთი ბრალდება არის ძალიან მძიმე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ნუ უყენებთ აშშ-ის საელჩოს ასეთ მძიმე ბრალდებას, ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი.
მე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, დარწმუნებული ვარ რომ ჩხიკვაძეზე ზეწოლა არ განხორციელებულა, აქედან გამომდინარე არ მგონია რომ რაიმე პრობლემა ჰქონოდა რომელიმე სხვა მოსამართლეს", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის შემდეგ, ამერიკაში ტრენინგზე ვერც კიდევ 5 მოსამართლე წავიდა.
იხილეთ ასევე: