
პროკურატურამ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი", - წერია უწყების განცხადებაში.
ბიზნესმენს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შემდეგ ბიზნეს ცენტრში 31 მაისს დააკავეს.
"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსი, რომელიც ბიზნესმენმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძეს მისწერა და საიდანაც ირკვევა, რომ ოზთურქი თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებულია.