ჩვენი რჩევაა, რომ ნუ ეძებთ ალტერნატიულ გზებს, უბრალოდ გააკეთეთ ყველაფერი რეკომენდაციების მიხედვით და აუცილებლად მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე - აცხადებს ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე საუბრისას.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსჯელობდნენ. დიპლომატები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ღიად ამბობენ რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ისტორიული შანსი გამოიყენოს. დისკუსია ახალი სამოქალაქო მოძრაობის, "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ინიციატივით გაიმართა.
კალიურანდი ამბობს, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისას შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს:
"მე მახსოვს, როდესაც ესტონეთმა შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ ძალიან თავმდაბლები ვიყავით და ევროკომისიის ნებისმიერ რეკომენდაციას აბსოლუტური სერიოზულობით ვუდგებოდით. ეს რეკომენდაციები ჩვენთვის კანონებივით იყო. ამის საპირისპიროდ დღეს საქართველო უფრო თავდაჯერებული სტუდენტია და უფრო შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს, როდესაც საქმე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ეხება.
ქართველები კამათობენ, ჩვენ კი ვთვლიდით, რომ საკამათო და სავაჭრო საერთოდ არაფერი იყო და თუ ასე იყო საჭირო, უბრალოდ ასე უნდა გაგვეკეთებინა და მორჩა." თქვა დიპლომატმა.
იხილეთ ასევე;