თუ აშშ კიევისთვის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებას დაიწყებს, დავარტყამთ იმ ობიექტებს, რომლებსაც ჯერ არ შევხებივართ - პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისევ იმუქრება. ის ამბობს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები კიევს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის, "რუსეთი იერიშებს იმ ობიექტებზე მიიტანს, რომლებსაც ჯერ არ შეხებია".

კრემლის ლიდერმა Russia1-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კიევისთვის ამერიკული სარაკეტო სისტემის მიწოდება უკრაინული სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შევსებას უკავშირდება.

მისი თქმით, საუბარია საბჭოთა და რუსული წარმოების "გრადის", "სმერჩის", ასევე "ურაგანის" მსგავს სარაკეტო სისტემებზე, რომელთა მოქმედების არეალიც 45-70 კილომეტრია.

"თუ დასავლეთი დაიწყებს კიევისთვის უფრო შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებას, ჩვენ აქედან გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და ჩვენს იარაღს, რომელიც საკმარისად გვაქვს, გამოვიყენებთ იმ ობიექტებზე დარტყმისთვის, რომლებსაც ჯერ არ შევხებივართ", - ამბობს პუტინი.

შეგახსენებთ, აშშ უკრაინის დასახმარებლად $700 მილიონიანი უსაფრთხოების პაკეტს ამტკიცებს. აშშ-ის დახმარება მოიცავს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემისა და საბრძოლო მასალის გადაცემას. როგორც აშშ-ში აცხადებენ, უკრაინამ დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ არ გაუშვებდა რაკეტებს რუსეთის მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი