საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის ნაწილს ოჯახის წევრებს გააცნობენ, ამ წუთებში ცენტრ ემპათიაში გიული ალასანიასა და მედიკოსების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა მესამე პრეზიდენტის დედის ინიციატივით იმართება, დასრულების შემდეგ კი გიული ალასანია ვივა მედში მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.
"შეხვედრა დაინიშნა ჩემი თხოვნით, ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა, არასოდეს შევკრებილვართ ასე, მაინტერესებს რა პროცესში ვართ და რას უნდა ველოდოთ",-თქვა გიული ალასანიამ.
ცენტრ ემპათიას შუალედური დასკვნა სავარაუდოდ ოთხშაბათს გასაჯაროვდება. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ამჟამად ცენტრი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობაზე რეგულირების სააგენტოს თანხმობას ელოდება.
"მიმდინარეობს ექსპერტიზა, დოკუმენტაციის შესწავლა, მომდევნო ვიზიტი დაგეგმილია ოთხშაბათს, ასევე ველოდებით საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობისთვის რეგულირების სააგენტოს თანხმობას, სამწუხაროდ, ვერ მოაგვარეს ამდენი ხანი რომ გამოაგზავნონ",- თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცენტრ "ემპათიის" ექიმებმა მესამე პრეზიდენტი 1-ელ ივნისს მოინახულეს. ექიმების შეფასებით ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობა არ არის სრულყოფილი და ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არ ასახულა. მათივე თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.