ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს - "ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარები დღეს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნის გამო გააკრიტიკა და ფეიკის მსხვერპლები უწოდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეზოლუციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან:
"რეზოლუციას, რომელიც ქართული მედიისა და დემოკრატიის მტრების, სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილის, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას პირდაპირ ვიტყვი, ჩალის ფასი აქვს.
იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება. ფეიკის გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი , რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით, სუვერენულად მოქმედება შეეძლება. " განაცხადა ირაკლი კობახიძემ
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, შესწორება შევიდა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
იხილეთ ასევე: