აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.
დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში, ზეწოლა მედიაზე და პროდასავლური კურსიდან შესამჩნევი გადახვევა იყო თემები, რომლებზეც ამერიკელმა დიპლომატმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა:
"არაფერი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი გარდა ჩვენი ქვეყნის იმ უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური კურსისა, რომელსაც საფრთხე დაემუქრა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გამო და დარჩენილ ამ ორ კვირაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ შესაძლებლობა აუხდეთ მათი ოცნება. ოცნება, რომელიც ნამდვილად არ გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას"- განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ
კარა მაკდონალდი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე ესაუბრა მმართველი პარტიის ლიდერებს და ჰქონდა ხანგრძლივი კონსულტაციები სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებთან.
ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული განვითარების ბოლოდროინდელი უკუსვლით. ის მნიშვნელოვან საკითხებად მიიჩნევს საქართველოში საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმების დაჩქარებას.
ავტორი: ნატა ჯახუტაშვილი