ვიმედოვნებ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეყოფა გამბედაობა და შეიწყალებს ნიკა გვარამიას - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

გამოიყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების განსამუხტად ევროკავშირის გადაწყვეტილების წინ - ოპოზიცია პრეზიდენტს ამ ბერკეტების გამოყენებისკენ ისევ მოუწოდებს და მას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო აკრიტიკებს.

თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილმა თავისი შეფასებით საზოგადოების ნაწილში იმედი გააჩინა რომ ის პოლიტპატიმრებს შეიწყალებდა, თუმცა მათ ეს იმედები მალევე გაუქარწყლა - "არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!", - თქვა ზურაბიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებს და 24 ივნისამდე "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ნიკას პოზიციას, ვიმედოვნებ, რომ ქალბატონ სალომეს ეყოფა გამბედაობა და შეიწყალებს ნიკა გვარამიას. იმიტომ, რომ ასეა საჭირო ამ შემთხვევაში 24 ივნისამდე. საჭიროა იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოში "ქართულ ოცნებას" წავართვათ პოლიტიკური მართლმსაჯულების ეს მძიმე იარაღი, რომელიც აქვს, მეორე - მედიის თავისუფლებას შეუწყოს მან ხელი და ეს ნიშნავს იმას, რომ დამფუძნებელი მთავარი არხის გაათავისუფლოს. მას აქვს ასევე მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია გაიზიაროს და ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების პოზიცია არის შემდეგი - რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და არავინ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველო წაათრიოს უკან რუსეთში", - თქვა დეკანოიძემ.

პარტია "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ "ოცნების" ამოცანა ქვეყნის ევროინტეგრაცია არ არის.

"სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დროული, სწორი. ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ავიწროებს პრეზიდენტს არ აძლევს საშუალებას ჰქონდეს ამ მნიშვნელოვან მომენტში ვიზიტები უკრაინაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ნათლად აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნების ამოცანა არ არის, გამოვიყენოთ როგორც ქვეყანამ ეს უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაწყების კუთხით", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბიშვილს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა:

"ყოველ ჯერზე, როდესაც ქალბატონი სალომე გამოდის და რაღაც სიმართლის მარცვალს გაისვრის ხოლმე, საზოგადოებაში იწყება მღელვარება, რომ აი რაღაც ახლა გვეშველება. მერე ყოველ ჯერზე ეს მთავრდება ცივი შხაპით. ამჯერად ეს უბრალოდ ძალიან სწრაფად მოხდა", - თქვა მან.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი