პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია "სიმბოლურია" და "არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს".
მისივე შეფასებით, რეზოლუცია "შეურაცხმყოფელია, გაჯერებულია ტყუილებით და არაზუსტი ინფორმაციით".
"მინდა მოქალაქეებს ავუხსნა სრული პასუხისმგებლობით, რომ ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მათი როლი არის შეიძლება ითქვას, სიმბოლური. რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი. ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. ის 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული. დამტკიცებამდე რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება. დოკუმენტს მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.
ამავე თემაზე: