საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროცესია ჩანიშნული. მსჯელობა 6-თვიანი პაუზის შემდეგ უნდა განახლდეს.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან. მას შემდეგ, რაც საქმეზე ახალი მოსამართლე დაინიშნა მოწმეთა განმეორებითი დაკითხვები უნდა ჩატარდეს. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარისთვის უცნობია თუ ვის წარადგენს პროკურატურა ახალ მოწმეებად.
"რამდენიმე თვეა შეჩერებულია არსებითი განხილვა საქმის, რადგან შეიცვალა მოსამართლე ამ საქმეზე და ახალმა მოსამართლემ მხოლოდ ერთი პროცესი ჩაატარა აქამდე, ჩვენ გვიწევს ისევ პროკურატურის მოწმეების ხელახლა გამოკითხვა. ვინ გამოიკითხებიან ამ ეტაპზე დაცვის მხარისთვის ცნობილი არ არის, იმიტომ, რომ პროკურატურას ასეთი სტრატეგია აქვს, არ ამხელს მოწმეების ვინაობას წინასწარ", - თქვა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოგვიანებით, 24 დეკემებერს ცნობილი გახდა, რომ ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.