
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" საკითხზე კონსულტაციები ხვალ, 14 ივნისს, მოსკოვში გაიმართება - ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "სამხრეთ ოსეთის" არაღიარებული ხელმძღვანელობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით მოსკოვში გაემგზავრა კონსულტაციებზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის გაერთიანების რეფერენდუმის საკითხზე. კონსულტაციები გაიმართება ხვალ, 14 ივნისს“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
ე.წ. დელეგაციაში "პრეზიდენტთან" ერთად, შედიოდნენ არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, ე.წ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, ე.წ. ცესკოს თავმჯდომარე ემილია გაგიევი. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი და "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" ე.წ. პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი.
შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. ბიბილოვის ეს "განკარგულება" 30 მაისს გააუქმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა გაგლოევმა - მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე.