ევროპაში ვიზიტის შემდეგ საქართველოს, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. მან ბრიუსელში განაცხადა, რომ ბრუნდებოდა სამშობლოში და აპირებდა დაეცვა ევროპული მომავალი.
"ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტი "გახმაურებულ პატიმრებს" არ შეიწყალებს და ელოდებიან, რომ ის აქცენტს ზოგადად ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გააკეთებს.
ირაკლი ზარქუას თქმით, "რადიკალურ ოპოზიციას" წლებია არასწორი მოლოდინები აქვს და ახლაც რომ იმედი გაუცრუვდეთ ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს.
გურამ მაჭარაშვილს კი "სურვილი არ აქვს იფიქროს", რას იტყვის ზურაბიშვილი
"ნამდვილად არ მაქვს ახლა სურვილი ვიფიქრო იმაზე რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, ეს მისი პრეროგატივაა, კარგი იქნება თუ ის ზოგადად როგორც პრეზიდენტი მიიღებს პოზიტიურ მონაწილეობას ევროინტეგრაციაში თავისი ქვეყნის. მე მგონი სჯობს დაელოდოთ და წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ, ბევრი საქმე არსებობს, რა ბრიფინგებიც იქნება პრეზიდენტის თუ ნებისმიერი სხვის და ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ კომენტარი. [შეწყალებასთან დაკავშირებით მოლოდინზე] საერთოდ არ ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით", - თქვა მაჭარაშვილმა.
ოპოზიცია იმედს იტოვებს, რომ ზურაბიშვილი ქმედით ნაბიჯს გადადგამს და მხოლოდ ზოგადი საუბრით არ შემოიფარგლება.