"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს ძალადობრივი პროცესები აქვს გეგმაში. მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამას მიანიშნებს ორგანიზატორების განცხადებები, რომ პრეზიდენტს 16 ივნისს აქციის დაანონსებით მუხტის ჩახშობა სურს.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ პარტიას პოზიცია, თუ რას აპირებენ პრეზიდენტის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჯერ არ აქვს.
"ის, რომ 20 ივნისის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მუხტის ჩახშობა უნდა [პრეზიდენტს] უკვე ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მათ რაღაც ძალადობრივი პროცესები აქვთ გეგმაში, იმიტომ, რომ თუ მშვიდობიანი აქცია უნდათ 20 ივნისსაც და საკითხი იგივეა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაშინ მე ვერ ვხვდები იმას რატომ უნდა ჰქონდეთ პრობლემა 16 ივნისს გაიმართება ეს 20-ში თუ 16-შიც და 20-შიც. პარტიის პოზიციას ხელმძღვანელობა მოგახსენებთ, იქნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და პირადი პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება ასეთი ტიპის აქცია, სჯობს რომ იყოს ორგანიზებული და ძალიან კარგად გაანალიზებული", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ყველას მოუწოდა, რომ 16 ივნისს აქციაზე მივიდნენ და ევროპას ერთიანობა დაანახონ. პარალელურად პრეზიდენტმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა შეკრება გადადონ. მისი აზრით, ეს ბევრ საფრთხესთანაა კავშირში და ახლა "პოლიტიკური ამბიციების" გამოჩენის დრო არაა.
"სირცხვილიამ", რომელიც აქციას 20 ივნისს მართავს პრეზიდენტის მოწოდების საპასუხოდ თქვა, რომ იღებენ პრეზიდენტის მიწვევას და სთავაზობენ მას 20 ივნისს შეუერთდეს აქციას "შინ ევროპისკენ".