
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი განცხადება ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - ქვენის პირველმა დიპლომატმა განცხადებ ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან თითქმის 6 საათის შემდეგ გააკეთა.
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინას და მოლდოვას სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია წახალისების მიზნით გაუწიეს:
"აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში ომში მყოფი უკრაინის და უსაფრთხოების კონტექსტში, გამოწვევების წინაშე მყოფი მოლდოვას მდგომარეობის გათვალისწინებით და ამ ქვეყნების წახალისების მიზნით, იყო ნამდვილად შესაბამისი ნაბიჯი ევროკომისიის მხრიდან" ამბობს დარჩიაშვილი.
რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და ევროკომისიის უარს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მეტი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა მისივე თქმით, დღეს პირველად დაფიქსირდა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა:
"დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია ჰქონდა მეტის მოლოდინი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული რეკომენდაციით, ევროკომისიამ პირველად, ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი." ამბობს მინისტრი
დარჩიაშვილის შეფასებით, დღეიდან "გადავდივართ სრულიად ახალ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის" ეტაპზე. მინისტრი ამბობს, რომ პირობითობა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ახალი არაა:
"ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისადმი პირობითობის სქემა სიახლეს არ წარმოადგენს. ე.წ. ცივი ომის შემდგომი გაფართოება მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით, სწორედ პირობითობის სქემაზეა დაფუძნებული. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ პარტნიორებთან საქართველოს წარმატებული პროცესის იმპლემენტაციისა და საბოლოო გაწევრიანების მიზნით" თქვა ილია დარჩიაშვილმა.