თანამშრომელთა გადინება და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფეიკ ნიუსია თითქოს ქვემო ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთდროულად 38-მა თანამშრომელმა დატოვა.

უწყება აცხადებს, რომ თანამშრომელთა გადინება და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. გთავაზობთ განცხადებას სრულად:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში დღეს გასულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელები მასობრივად "გარბიან."

ტელეკომპანიამ, ვითომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საზოგადოებას მიაწოდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ქვემო ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთდროულად 38-მა თანამშრომელმა დატოვა" - წარმოადგენს "ფეიკ ნიუსის" კლასიკურ მაგალითს.

აღნიშნული მედიასაშუალების მაყურებელთა მიმართ პასუხისმგებლობის გამო და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, არაერთხელ განგვიმარტავს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა გადინება და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღია და გამჭვირვალედ წარმართვა.

აშკარაა, რომ ტელეკომპანიის მიერ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ქვეყანაში ნიჰილიზმის გაღვივებას, მაყურებელში პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ნეგატიური განწყობების შექმნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას, უწყების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობისა და უპატივცემულობის დამკვიდრებას", - წერია უწყების განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი