ავია მიმოსვლის გახსნა 1 აგვისტომდე გადაიდო - ეკონომიკა გარდაუვალი საფრთხის წინაშეა

გამოქვეყნდა:

რატომ არ ხსნის საზღვრებს საქართველოს ხელისუფლება - რატომ გადაიდო ავია მიმოსვლის აღდგენა ერთი თვით, როცა ევროკავშირი მზად იყო, საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან პირველი ივლისიდან გაეხსნა.

ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო ხელისუფლებამ საზღვრების ერთი თვით გვიან გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია მთავრობამ დაუყონებლივ შეიმუშაოს გარკვეული სისტემა და ჩამოაყალიბოს კონკრეტული რეგულაციები უსაფრთხოების ნორმების დასაცავად. 

''ევროპული საქართველო'' ხელისუფლებას მოუწოდებს, გახსნან საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, სადაც პანდემიის რისკი შედარებით დაბალია ან საერთოდ არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკა გარდაუვალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. 

ამ ფონზე, როცა ევროკავშირი ჩვენ გვიხსნის საზღვრებს, სრულიად გაუგებარი და ქვეყნისთვის საზიანოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ აღდგეს რეგულარული ფრენები. უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ან ბინა გაარემონტა, ან პატარა სასტუმროში ჩადო ფული და დღეს არის დარჩენილი შემოსავლის გარეშე - ამბობს ფრაქცია ''ევროპული საქართველოს'' მდივანი გიორგი კანდელაკი. 

არსებულ ვითარებას გამოეხმაურა ასევე ფრაქცია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე რომან გოცირიძე. ის აცხადებს, რომ ხელისუფლებას საზღვრები შერჩევითად და რეგულაციების დაცვით უნდა გაეხსნა.

კი არ უნდა დაეკეტათ ტოტალურად მთელი ევროპა, არამედ შესაძლებელია მათ შერჩევითად შეეჩერებინათ ფრენები რისკიანი რეგიონებიდან, თუმცა დაზღვევისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო ცნობებისა და ტესტირების ჩატარება, ადგილზე შემოწმება და ისეთი მექანიზმების აგება, რომელიც გამორიცხავდა ქვეყანაში დაავადების გავრცელებას, თუნდაც იგივე, რაც ხდება საბერძნეთში - აცხადებს რომან გოცირიძე.

ექსპერტების აზრით ეს შესაძლოა იყოს მიზანმიმართული დარტყმა ეკონომიკაზე, ან ხელისუფლებას პანდემიის ახალი ტალღის ეშინია და შეჩერების რესურსი არ გააჩნია. ექსპერტები ასევე საუბრობენ, რომ საზღვრები თუნდაც პირველ აგვისტოს რომ გაიხნას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტურისტული სეზონი ჩავარდნილია, რაც ეკონომიკას უმძიმეს დარტყმას მიაყენებს. 

თითქმის სამი თვეა ტურისტულ სექტორს აქვს მოლოდინი, რომ პირველი ივლისიდან აღდგება ფრენები და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი უსაფრთო ქვეყანა, რომელსაც შეეძლო თავისუფლად მიეღო ვიზიტორები ასევე უსაფრთხო ქვეყნებიდან, - ამბობს პლატფორმა ''ჰაბ ჯორჯიას'' აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ფრენების გადადებასთან დაკავშირებით განცხადება ორი დღის წინ გააკეთა. მან თქვა, რომ საქართველოში რეგულარული ავია მიმოსვლა პირველი აგვისტოდან დაიწყება, ორი დღის შემდეგ კი ევროკავშირმა საქართველო იმ არაწევრი ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებსაც პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი