პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს - ამ წუთებში კანონპროექტზე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. უმრავლესობის წარმომადგენელთა მტკიცებით, ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული.
ცვლილებები, ძირითადად, ეხება პარტიების დაფინანსების წესს, სიძულვილის ენას საარჩევნო პერიოდში, სარეკლამო დროის გადანაწილებას და პროპორციულ სიაში კვოტირების წესს.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებები მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, კერძოდ, უფასო სარეკლამო დროს მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც 2020-ის არჩევნებში 1%-იან ბარიერს გადალახავენ, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში კი უფასო სარეკლამო დრო ძველი წესით გადანაწილდება. ახალ კოდექსში ყველა პარტია, მათ შორის მცირე პოლიტიკური სუბიექტებიც, სარეკლამო დროს საკუთარი პარტიისთვის გამოიყენებენ.
საარჩევნო უბნებთან ამოქმედდება 25 მეტრიანი რადიუსის შეზღუდვა. ასევე, პედაგოგებსა და სახელმწიფო სსიო-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლებს საარჩევნო კამპანიაში მხოლოდ მათ არასამუშაო დროს შეეძლებათ ჩართვა. მმართველი პარტიის ინიციატივით, ასევე პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოსყიდვასა და ძალადობასთან მიმართებაში ახალ საარჩევნო კოდექსში არაფერია ნახსენები.
არის მრავალი რჩევა, რომელიც ეუთოს მიერ არის შემოთავაზებული და რომლის გათვალისწინებასაც არ აპირებს ქართული ოცნება. მოსყიდვის შესახებ არაფერია ნათქვამი. მეორე ძალადობა. ფინანსური რესურსების გამოყენება, 100-ჯერ მეტ ფულს ხარჯავს "ოცნება", ვიდრე ოფიციალურად არის ნახსენები, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ "ოცნების" მხრიდან სიძულვილის ენაზე საუბარი არის ფარისევლობა.
თუ ვინმეს რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის არის დამახასიაბელი შუღლის და სიძულვილის გაღვიძება, არის "ქართული ოცნება", - ამბობს იგი.
მისი თქმით, საგანგაშოა, როდესაც ხელისუფლება სიძულვილის ენის შეზღუდვაზე ლაპარაკს იწყებს, რადგან ეს მათ ხელში დევნის იარაღად იქცევა.
საარჩევნო კოდექსი, ძირითადად, ირაკლი კობახიძის მომზადებულია. იგი ამბობს, რომ კოდექსში მოსყიდვის თემაზე გამკაცრებული რეგულაციებია ჩადებული და გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მაღალი სტანდარტი უნდა იყოს და არა ის შემოთავაზებული ნაწილი, რაც დღეს არის, - ამბობს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე.
იგი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება უნდა მოხდეს პროფესიული წესით და არა არსებული პრაქტიკის მიხედვით.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. ხვალ მას რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.