"ძალიან მეტკინა გული, ისე ცუდად გავხდი, წამალი დავლიე" - დაღუპული მეომრების ოჯახები ღარიბაშვილს პასუხობენ

გამოქვეყნდა:

დაღუპული ქართველი მეომრების და ამ დრომდე ბრძოლის ველზე მყოფი სამხედროების უმძიმესი შეურაცხყოფა. პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში გაღებული სისხლი და ამჟამინდელი ბრძოლაც უშედეგოა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სრულიად გაუგებარი და ორაზროვანი განცხადება გააკეთა, რომელსაც უკვე მოყვა პროტესტი. მან უკრაინაში მოხალისედ წასულ მებრძოლებს, "დაქირავებული მეომრები" უწოდა.

ამ სიტყვებმა  განსაკუთრებით დაღუპული მებრძოლების ოჯახების წევრები გააღიზიანა. 

"ძალიან მეტკინა გული, ისე დამწყდა გული, ისე ცუდად გავხდი, რომ წამალი დავლიე. წარმოვიდგინე იმ წუთებში ჩემი მეუღლის აღტკინებული სახე, რა სახითაც წავიდა სახლიდან უკრაინის დასახმარებლად. როგორი წრფელი გულით და როგორ უნდოდა მას დახმარება და რა სიტყვები დაგვიტოვა ჩვენ, რომ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის გამო მივდივარო" - ამბობს ია შაშვიაშვილი. უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირის, დავით რატიანის მეუღლე

"პრემიერმინისტრს არ ჰყოფნის იმის აზრი და გონება და ვერ წარმოუდგენია ის, რომ პატრიოტიზმი ფულით არ ისაზღვრება...ჩვენ იქ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ უსასყიდლოდ ნებისმიერი ადგილიდან, საიდანაც შეგვეძლება" - ამბობს ღარიბაშვილის პასუხად ქართველი სამხედრო ოფიცერი ვაჟა ცაცაძე.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე და თქვა, რომ მათი ღვაწლი სათანადოდ არ დაფასდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი