"ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი - ჯერი ჩვენზეა, გარეთ უნდა გამოვიდეთ" - გიორგი ვაშაძე​​​​​​​

გამოქვეყნდა:

"ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი; ან საქართველო, ან ოლიგარქია - ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ" - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

მან აღნიშნა, რომ პარტნიორებმა საქართველოს "გადარჩენის ეროვნული ამოცანა დაუსახეს", რომელიც სისრულეში ქართველმა ხალხმა უნდა მოიყვანოს.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს დღეს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ პატრიოტულ მუხტს, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"დღეს, ისე როგორც არასდროს, სახლში ჯდომა არის მთავარი პარტნიორი "ქართული ოცნების". დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ერთიანობას, იმ მუხტს, რომელიც იყო 20 ივნისს, რომელიც უნდა იყოს დღეს და შემდგომ დღეებში, ამ მშვიდობიან, სპეტაკ, ეროვნულ, პატრიოტულ მუხტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის ცივილიზებული ადგილი და ოჯახი არის ევროკავშირი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის. "ქართულმა ოცნებამ" და ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვითხრა, რომ არცერთი რეფორმის გატარებას არ აპირებენ, გვითხრეს, რომ თავზე გადაგვახევენ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ევროპა გვაძლევს. შესაბამისად, დადგა დრო, ეროვნული ხსნის ამოცანას, რომელიც დაგვისახეს ევროპელმა და დასავლელმა პარტნიორებმა, პასუხი გავცეთ ჩვენ. ჩვენ ვუპასუხოთ ყველამ ერთად. მეც, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვაპირებ მივიდე დღეს რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირო.

რამდენიმე წელიწადში, ჩვენ დავინახავთ ან აყვავებულ საქართველოს, ევროკავშირის ღირსეულ წევრს, ან საქართველოს, რომელიც იქნება უკაცრიელი ტერიტორია, რომელსაც მართავს რუსეთიდან მოვლენილი ოლიგარქიული რეჟიმი. ეს იმდენად ცალსახაა, ალბათ არავისში კითხვას არ იწვევს. ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას უნდა ვუპასუხოთ და სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდეთ გარეთ", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, ევროპის საბჭომ გუშინ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. რაც შეეხება საქართველოს, საბჭომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა და გასცა რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსის მიღება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი