გვაქვს, გვქონდა და გვექნება მზაობა, ოპოზიციასთან ერთად ვიმუშაოთ და დავასრულოთ პოლარიზაცია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ქვეყანას EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ექნება. 

ღარიბაშვილმა კომისიის მხრიდან წაყენებულ მთავარ პირობად პოლარიზების დასრულება დაასახელა და თქვა, რომ ამას ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე ვერ შეძლებს. 

"ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება ამისთვის არის მზად. მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი პირდაპირი მითითება, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მინდა კიდევ ერთხელ გუნდის სახელით განვაცხადო, რომ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, კარი არასდროს დაგვიხურავს. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, გვქონდა ყოველთვის და გვექნება მუდამ, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ქვეყნის მომავალს, ეროვნულ ინტერესებს, ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა. ეს რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს მშვიდ, ჯანსაღ ვითარებაში.

ეს არის ჩვენი სურვილი და იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ. ერთ-ერთი მთავარი, პირველი პირობა, რაც ეხება პოლარიზების დასრულებას, მათი ვალდებულებაც არის, მათი პასუხისმგებლობაც არის. მარტო მმართველი პარტია და მთავრობა ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნება გადადგმული რეალური ნაბიჯები. მინდა კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, სურვილებს, პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა. ჩვენთვის მთავარი არის ჯერ ჩვენი სახელმწიფო, მომავალი და შემდეგ ჩვენი პარტიული და პირადი ინტერესები", - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. რაც შეეხება საქართველოს, საბჭომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა და გასცა რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, კანდიდატის სტატუსის მიღება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი