უნდა იქნას შესწავლილი დაუყოვნებლივ, ეს იყო პირველი შემთხვევა, თუ ჰქონდა რეგულარული ხასიათი - აცხადებს ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე ბათუმში, რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტით დატვირთული ტანკერის შესვლასთან დაკავშირებით. გოცირიძის თქმით, არანაირი საჭიროება რომ გემი ბათუმის ტერმინალში გაჩერებულიყო არ იყო და მიზანი სავარაუდოდ სანქცირებული პროდუქტის გასაღება იყო ევროპის ქვეყნებში როგორც ყაზახური ტვირთის:
"ეს არის საერთაშორისო სკანდალის თემა და ამიტომ დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, რა ხდებოდა და რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა ტვირთი საქართველოში. ის ახსნა, რომ თურმე ტანკერი უნდა შემოსულიყო ბათუმში, უნდა დაცლილიყო, 1 საათია ხოფამდე და ტრაპზონის პორტამდე, რა საჭირო იყო ბათუმში შენახვის რეჟიმში ტერმინალში ამ ნავთობის ჩასხმა, ის საჭიროება იყო, რომ მოხდებოდა ნავთობის შერევა და შემდეგ, როგორც ყაზახური, ან სხვა ქვეყნის ნავთობი, გაიყიდებოდა ევროპის ბაზრებზე" ამბობს გოცირიძე.
ბათუმის პორტში სანქცირებული როსნეფტის ნავთობ ტანკერის შესვლის ფაქტს შეისწავლის, სპეციალური ჯგუფი რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სპეცსამსახურები შედიან. ამის შესახებ უკრაინის რადაში მმართველი უმრავლესობის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა და ბიძინა ივანიშვილს მორიგ ჯერზე სანქციები დაუანონსა.
"რუსული ნავთობის ყიდვა ან ტრანსპორტირება, ტერორისტებისთვის ფულის მიცემაა"- ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა რუსეთიდან ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შესვლას, თუმცა იმის გამო, რომ კიევში ეს ფაქტი მსჯელობის საგანი გახდა, უკრაინის პრეზიდენტის ამ მინიშნების ადრესატი, სავარაუდოდ, სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა.
იხილეთ ასევე: