"არაფრის გვეშინია! ერთად შინ ევროპისკენ!" | სტუდენტები დღევანდელ აქციას მსვლელობით შეუერთდებიან

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ აქციას დღეს სტუდენტებიც შეუერთდებიან. ისინი მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

ახალგაზრდები იზიარებენ სახალხო მოძრაობის მიერ დაყენებულ მოთხოვნებს და ფიქრობენ, რომ თუ "ქართული ოცნება" აღმასრულებელ ხელისუფლებას არ დათმობს, საქართველოს უქრება შანსი, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. 

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ წახალისებული და ორგანიზებული ძალადობა არ აშფოთებთ და ამიტომ, ქვეყნის მთავარ გამზირზე დღეს ძალიან ბევრი სტუდენტი იქნება.

"რუსთაველის მეტროდან დავიძვრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, რათა ჩვენი ის მუხტი, რომელიც 20 ივნისის შემდეგ შევქმენით, კიდევ ერთხელ შევიტანოთ ამ აქციაზე. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ დასახულ მიზანს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. სტუდენტებს არაფრის არ გვეშინია! ერთად, შინ ევროპისკენ!", - ამბობს სტუდენტი. 

შეგახსენებთ, სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი