"ოცნებას თქვენი რწმენის გატეხვა უნდა, არ დაემორჩილოთ" | ვაშაძის თქმით, საჯარო მოხელეებზე ტოტალური ზეწოლა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეებზე ტოტალური ზეწოლა მიმდინარეობს იმისათვის, რომ დღეს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას არ შეუერთდნენ. 

ვაშაძემ მათ მოუწოდა, არ დაემორჩილონ "ქართულ ოცნებას" და 20:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე. მაგრამ, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ტოტალური თავდასხმა და შეტევა საჯარო მოხელეებზე, მათი დაშინება, ძალადობა. მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისი ძალისაც ყველაზე მეტად ეშინია "ქართულ ოცნებას" და უნდათ, რომ თქვენ გაგტეხონ, მაგრამ მე გაძლევთ ერთ პირდაპირ გარანტიას, რომ ჩვენ თქვენ გვერდით დავდგებით. თქვენი რწმენის გატეხა უნდათ და არცერთ შემთხვევაში არ დაემორჩილოთ მათ. მოდით აქციაზე, ღირსეულად, ისე, როგორც თქვენს პატრიოტულ სულს შეეფერება", - თქვა ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციისთვის საჭირო ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელება სწორედ საჯარო მოხელეების მონაწილეობით უნდა მოხდეს. 

"იცოდეთ, ევროპისკენ სვლა ნიშნავს სწორედ თქვენთან ერთად, უზარმაზარი, ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას, რომელიც სიკეთეს მოუტანს ამ ქვეყანას, რომლის თანამონაწილე იქნებით თქვენ. მე ძალიან კარგად ვიცი, თქვენ რამხელა საქმის კეთება შეგიძლიათ ქვეყანაში. ყველას, ვისაც რაიმე ტიპის შეზღუდვა ან შევიწროება გექნებათ, დამიკავშირდით პირადად მე, თქვენს გვერდით დავდგები. სადაც არ უნდა იყოთ, მყისიერად გავჩნდებით იქ. ვერავინ ვერასდროს თქვენს უფლებებს ვერ შებღალავს", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი