8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს - ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება, ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში მართავდნენ ერთობლივ კონსულტაციებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო პროცესში ისე შესვლა, რომ ქვეყანას ყავდეს პოლიტპატიმრები, არის დაუშვებელი.
8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული, ამას კარგად ხედავს ყველა, როგორც შიგნით, ისე გარეთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, კვლავ გრძელდება მძიმე განცხადებები ოცნებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც იქით მიყავს ამ ადამიანს საქმე, რომ დადგება სანქციების საკითხი და სამწუხაროდ, ამ სანქციებში შეიძლება მოყვეს ქვეყანაც, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ოპოზიცია არ ივიწყებს 8 მარტის შეთანხმებას.
ჩვენ არ მოველით, რომ "ქართული ოცნება" გიორგი რურუას პოლიტიკურ პატიმარს დაარქმევს, უბრალოდ, არსებობს ძალიან მარტივი გზა, რომ ეს გვერდი დაიხუროს და ჩვენ წავიდეთ წინ, - აცხადებს კანდელაკი.
მმართველ პარტიაში კი კვლავ იმეორებენ, რომ პოლიტპატიმრები ქვეყანას საერთოდ არ ჰყავს.
პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვეყანაში იყო მათი მმართველობის დროს და გათავისუფლებასაც, დაჭერასაც, წამებასაც და სიკვდილსაც კონკრეტული ადამიანები წყვეტდნენ. ეს დრო აღარ არის, გადაწყვეტს სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი.
აღსანიშნავია, რომ განსხვავებული მოსაზრება აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში მიესალმება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, თუმცა იგი წერს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების მოლოდინი აქვს.