ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლის შანსს აძლევს - ასე აფასებს პრემიერი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებებს.
მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრა მთავრობის მეთაურმა სწორედ პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შეფასებით დაიწყო. გახარია ამბობს, რომ საარჩევნო ცვლილებას უნდა მოჰყვეს დემოკრატიული არჩვენები, რაც ქვეყნის გამარჯვება იქნება.
აღსანიშნავია, რომ გახარიას არ უხსენებია 8 მარტის შეთანხმების მეორე პუნქტი, რომელიც ამ დრომდე შესასრულებელი რჩება.
პრემიერმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეისებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია, "აირზენა" არ უნდა ახორციელებდეს.
ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს განრიგი ჩვენი მოქალაქეებისთვის ბილეთის მისაღები ფასებით და ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი... ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს მხოლოდ ერთმა ავიაკომოპანიამ, ეს უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია, პირველ რიგში, მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, - აღნიშნა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 5 დღეში იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები. გახარია ამ თემასაც შეეხო და განმარტა, რომ გამოცდებზე აბიტურიენტები პირბადეებით უნდა მივიდნენ, თუმცა საგამოცდო სივრცეში შეეძლებათ მათი მოხსნა, რადგან უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დისტანცია. ამას გარდა, თუ ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, რეკომენდებული იქნება კონდიციონერის ჩართვა.