მარკვეინ მალენი "ფრონტერას" ლობისტია - დავით ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

მარკვეინ მალენის უმწვავეს წერილს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლობისტობას უკავშირებს - დავით ზალკალიანმა ამერიკელი კონგრესმენის წერილს უპასუხა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეერთებული შტატები ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, მარკვეინ მალენი კი მხოლოდ "ფრონტერას" ლობისტია. მთავრობის სხვა წევრების თქმითაც, ბრალდებები, რომლებიც მალენის სტატიაში ისმის, უსაფუძვლოა. 

მალენი და კიდევ ერთი ორი გამონაკლისი შეიძლება იყოს, მათ აქვთ თავიანთი სუბიექტური მოსაზრებები, გარკვეული პოლიტიკური სიმპატიები, რომლებიც შეიძლება ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობიდან იყოს გამოწვეული, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო, უმაღლესი შეფასება, - ამბობს ზალკალიანი.

მინისტრი აცხადებს, რომ მიუხედავად მარკვეინ მალენის ამ სკეპტიკური დამოუკიდებულებისა, საქართველოს მთავრობა ურთიერთობას მასთან მაინც განაგრძობს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას აზრით, კონგრესმენის ეს განცხადება კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია. 

სახელმწიფო მდივანი პომპეო გვილოცავს, აშშ-ის ელჩი დეგნანი გვილოცავს და ეს არის ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად ობიექტური აღიარება იმ წარმატების და იმ სწორად შესრულებული პირობის, რაც ფასილიტატორი ელჩების თანადგომით იქნა მიღწეული, - აცხადებს მინისტრი. 

მისი თქმით, კონგრესმენის განცხადების შინაარსი გარკვეული პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესებით ნაკარნახევია. 

კონგრესმენ მალენს საქართველოში ამერიკული კომპანიებისთვის პრობლემების შექმნის მაგალითად "ფრონტერას" გარდა სხვა კომპანიებიც მოჰყავს, კერძოდ, "აიკონია კაპიტალი" და "ჯორჯიან მანგანეზი". "აიკონია კაპიტალის" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრობლემა არა მხოლოდ მისი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაშია, არამედ იმ ზოგად ვითარებაში, რაც ქვეყანაშია შექმნილი და რაც ადგილზე ამერიკულ ბიზნესს დიდ პრობლემებს უქმნის. 

საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ამერიკელ კონგრესმენებზე იმის თქმა, რომ ისინი მხოლოდ ლობისტები არიან, დიდი უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობაა, რაც დადებითად არ იმოქმედებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, - ამბობს "აიკონია კაპიტალის" ხელმძღვანელი სეტ ჩარი.  

მისი თქმით, მთავრობის წევრებმა თავიანთი ბრალდებები კონკრეტული ფაქტებით უნდა დაადასტურონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი