საბოტაჟის საქმე, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებად იქცა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ლილუაშვილის უწყება "მთავარ არხს" ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დასკვნა იმ რესპოდენტების გამოკითხვის საფუძველზე გამოაქვეყნა, რომლებიც "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჯეტის შემდეგ, სუს-ში დაიბარეს. ლილუაშვილის უწყება ახლა "მთავარ არხს" სიუჟეტის შავი მასალის გადაცემას სთხოვს.
"შაბათის მთავარის" წამყვანი მიშა სესიაშვილი ადასტურებს, რომ ისიც და არხის ხელმძღვანელობაც მზადაა თანამშრომლობისა და შესაბამისი საგამოძიებო უწყებებისთვის მათი მოთხოვნილი მასალების გადასაცემისთვის.
სუს-ის განცხადებაში მთავარი არხი დადანაშაულებულია დეზინფორმაციის გავრცელებაში, ყალბი ახალი ამბების შექმნასა და მოსახლეობაში განზრახ პანიკის დათესვაში.
განცხადების ყველაზე საინტერესო ნაწილი პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას შეეხება. აღსანიშნავია, რომ უწყებამ, რომელსაც 8 წლის განმავლობაში არ გამოუვლენია და არ დაუკავებია რუსეთის არც ერთ აგენტი საქართველოში, ანტიდასავლური რიტორიკის გავრცელებაში "მთავარი არხი" დაადანაშაულა.
სუს-ის ამ განცხადებაში არაერთი პოლიტიკური კონტექსტი იკითხება, მათ შორის, როგორც ჩანს, საგამოძიებო უწყება ამ რეპორტაჟის და ჟურნალისტების საქმიანობის გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ საბოტაჟის მიმართულებით გამოძიება უსაფრთხოების სამსახურმა ამ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილე და იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ამ საქმეს ღიად პოლიტიკური მიზნები აქვს და მედიასთან ზეწოლასთან ერთად, მიზნად პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ისახავს.
ეს გამოძიება და სუს-ის დღევანდელი განცხადებაც ატარებს მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს და მას არ აქვს სამართლებრივი საფუძვლები. ამ განცხადების თითქმის ყველა აბზაცში იკითხება პოლიტიკური მოტივი. თუ დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე, ეს არ არის სუს-ის საქმე, ეს მედია ეთიკის საქმეა და არა სუს-ის გამოძიების. გარდა ამისა, აქ პირდაპირი იყო მითითებული, რომ თითქოს ჩვენი სიუჟეტის შემდგომ ორგანიზებულად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ იქნა ამ ინფორმაციის გავრცელება და გამყარება, რაც ასევე მიუთითებს, რომ პოლიტიკური მოტივით იქნა ეს განცხადება მოტივირებული, - აცხადებს თამთა მურადაშვილი.
არხის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი და ამიტომ ამ და წინა განცხადებების თარგმნასა და საერთაშორისო საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება იგეგმება.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას თავის ფეისბუქის გვერდზე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თარგმანი სწორია და ამ საქმეში სუს-ის დანაშაული უფრო იკვეთება, რომლებმაც, გვარამიას თქმით, "მთავარის" რესპონდენტები "აკაჩავეს".
შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ის თემაზე მომზადებული სკანდალური სიუჟეტი არხის ეთერში 20 ივნისს, "შაბათის მთავარში" გავიდა.