
რუსეთის, პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია.
კრემლის სპიკერის თქმით, ამ განცხადებით პუტინმა შეახსენა დასავლეთს, რომ რუსეთისა და უკრაინის პოტენციალი ერთმანეთთან შეუდარებელია.
"სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა იმ განცხადებებს, რომლებიც მოდის დასავლეთის ქვეყნებიდან, კიევიდან, რომ კიევი ბრძოლის ველზე გამარჯვებამდე გადავა. აქ პუტინმა შეახსენა მათ, რომ რუსეთის პოტენციალი აბსოლუტურად შეუდარებელია. რუსეთის პოტენციალი იმდენად დიდია ამ მხრივ, რომ მხოლოდ მისი მცირე ნაწილი ამჟამად სპეცოპერაციაშია ჩართული“, - ამტკიცებს პესკოვი.
პუტინი გუშინ, დუმის ფრაქციების ლიდერებს უმტკიცებდა, რომ უკრაინაში "სპეცოპერაციის" მსვლელობისას სერიოზული ზომები ჯერ არ მიუღია.