რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს უკრაინაში "სპეცოპერაციის" მსვლელობისას სერიოზული ზომები ჯერ არ მიუღია. როგორც პუტინმა, დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ის უარს არ ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
"დღეს გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე. რას იტყვით, სცადონ, არაერთხელ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ამით მიდის... ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზოგადად, ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად. ამავდროულად, არც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვამბობთ უარს. მაგრამ ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო შორს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“, - ამბობს პუტინი
შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის 134-ე დღეს, რუსეთმა ოპერატიული „პაუზა“ გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები საბრძოლო მასალას ავსებენ და ამ პერიოდში მათ საშუალება აქვთ დაისვენონ.