"სტატუსის მონიჭებას არაფერი შეუცვლია..." | ე.წ. კრებსების საქმეზე დაზარალებულთა სია გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე პროკურატურა 10 თვის დაგვიანებით გააქტიურდა  და დაზარალებულთა სია 4 ადამიანამდე გაიზარდა. 

ნატა ფერაძის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსი სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელს, თამთა მიქელაძეს, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს, მალხაზ სონღულაშვილს და ამავე ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძეს მიანიჭეს. რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ სტატუსი 
დაახლოებით 2 კვირის წინ მიიღო, მაგრამ საქმის მასალებთან წვდომა ამ დრომდე არ აქვს. 

"სტატუსის მონიჭებას არაფერი შეუცვლია. ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი დოკუმენტები და არანაირი სხვა ნაბიჯი არ გადადგმულა. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სახელმწიფოს, იმის გამო, თურე როგორი ყოფილა გარეგნული ფორმების მიღმა, ისევ ისეთი საბჭოური...",- ამბობს რუსუდან გოცირიძე. 

ყველა პირი უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების ფიგურანტები იყვნენ და მათ თავად დაადასტურეს ჩანაწერების ავთენტურობა. თუმცა საქმეში სამართლებრივი სტატუსი იქამდე არ მისცეს, ვიდრე უკანონო მოსმენების საქმე რამდენიმე არასამთავრობომ ევროპულ სასამართლოში არ გაასაჩივრა. 

"დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაც კი,თითქმის, 1 წლის შემდეგ მოხდა. მაშინ, როდესაც ერთი მხრივ საქმის ნაწილი ევროპულ სასამართლოში წავიდა და ამავდროულად ეს თემა იყო აქტიურ განხილვებში ევროკავშირთან დაკავშირებულ პროცესებში. ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ გამოძიება ეფექტიანია, სანამ ჩვენ არ დავინახავთ, რომ გამოძიება ამ პერიოდში ნამდვილად აქტიური იყო და გამოძიება მიდის სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობამდე",- ამბობს თამთა მიქელაძე. 

დაზარალებულის სტატუსით პროკურატურა ოფიციალურად აღიარებს, რომ სუს-მა უკანონო მიყურადება განახორციელა იმ პირებზე, რომლებიც ოფიციალურად სცნეს დაზარალებულად და მეორე მხრივ მათ ხელმისაწვდომობა ექნებათ საქმის მასალებზე. დადგინდება რა გააკეთა პროკურატურამ 10-თვიანი გამოძიების ფარგლებში. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი