
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობა 7 ივლისს დატოვა. შესაბამისად, ქვეყანას მალე ახალი ლიდერი ეყოლება.
ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიას ახალი ლიდერის არჩევისთვის კვირები დასჭირდება. პარტიას პარლამენტში უმრავლესობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის ახალი ლიდერი ავტომატურად ქვეყნის პრემიერი გახდება.
თანამდებობის ოფიციალურად დატოვების შესახებ ჯონსონმა ხუთშაბათს განაცხადა. მან თქვა, რომ ის პარტიის ლიდერი მანამ იქნებოდა, სანამ ახალი ლიდერი არ შეირჩევა, თუმცა ჯონსონის წასვლას მისივე პარტიის წარმომადგენლები დაუყოვნებლივ მოითხოვენ. ასეთ შემთხვევაში პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს მისი პარტიის სხვა წევრები დაიკავებენ. პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის არის პრემიერის მოადგილე, დომენიკ რააბი.
ჩვეულებრივ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს არჩევნების გზით ირჩევენ, რომელიც ქვეყანაში ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. მოცემულ ვითარებაში, პრემიერმინისტრად ან პარტიის ლიდერად გასახდომად, კანდიდატი ჯერ პარლამენტის მინიმუმ 8 დეპუტატმა უნდა წარადგინოს. იმ შემთხვევაში, თუ ლიდერობა ორზე მეტ კანდიდატს სურს, კენჭისყრის რამდენიმე ტური გაიმართება, მანამ, სანამ მათი რაოდენობა ორამდე არ შემცირდება.
ამის შემდეგ კი, ქვეყნის მასშტაბით კონსერვატიული პარტიის წევრები ლიდერს ორ ფინალისტს შორის ირჩევენ. ხმის მიცემა ფოსტით მიმდინარეობს. გამარჯვებული კანდიდატი პარტიის ლიდერი და შესაბამისად, პრემიერმინისტრი გახდება.
არჩევნების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანდიდატების რაოდენობაზე. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრის თანამდებობა ტერეზა მეიმ დატოვა, ხმის მიცემას 6 კვირა დასჭირდა. მაშინ კენჭი 10-მა კანდიდატმა იყარა.