"ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის "გაღიზიანება" დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილმა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია კითხვებს, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს ის, პასუხი გასცენ, ან "თავი შეიკავონ".
"ერთგვარი გაუგებრობაც არის, ან არ ვიცი, ქალბატონმა ელჩმა რატომ აღიქვა ეს ყველაფერი ისე, როგორც კრიტიკის საგნად გახდომის აუცილებლობა ბატონი ყაველაშვილის განცხადების. პარლამენტის დეპუტატი, რომელიც თვლის, რომ კითხვები, რომელსაც ის ცდილობს, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს, ამ კითხვებით მიმართოს კონკრეტულ ადრესატებს, რატომ უნდა იწვევდეს ამ შემთხვევაში გაღიზიანებას ვინმეს მხრიდან, ეს დამაფიქრებელია...
უმნიშვნელოვანესია შევძლოთ, რომ ნებისმიერ კითხვაზე, რაც არ უნდა დიდი სიმწვავით ხასიათდებოდეს ეს კითხვები, გვქონდეს პასუხები და ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. ან შევიკავოთ თუნდაც თავი ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემისგან გარკვეული მიზეზების გამო. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთი ვაკრიტიკოთ იმის გამო, თუ რატომ დაისვა კითხვები", - თქვა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. წერილში ის ამბობდა, რომ ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი [ელჩის] განცხადებები თუ დუმილი. ყაველაშვილს აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ წერილი სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით. მანვე აღნიშნა, რომ "ოცნების" ყოფილი წევრების ნარატივი, ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს.
ამავე თემაზე: