"დროას" ლიდერი ქართულ ოცნებას მიმართავს. ელენე ხოშტარია აშშ-ის ორი უწყების პირველ ოფიციალურ დოკუმენტს გამოეხმაურა, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და პროდუქტი საეჭვო დერეფნით რუსეთსა და ბელარუსში გადის.
პოლიტიკოსი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ამერიკამ საქართველო წითელ ზონაში არ შეიყვანოს. "დროას" ლიდერი მზადაა პარტნიორებთან კონსულტაციები გამართოს.
„გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ, საუბრობს სანქციებზე თავიდან არიდების თვალსაზრისით უკვე არსებულ “შავ ხვრელებზე” და მეორეს მხრივ - მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები და რა ერთეულები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სიახლის მანქანის მომარაგება. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორ ამ სანქციების სამიზნე. ეს დოკუმენტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, ერთის მხრივ, როგორ აღასრულო სანქციები და როგორ გააკონტროლო ის ფაქტი, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავიდან არიდება. ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად არის სავაჭრო გზა, კერძოდ კი, საზღვაო-სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისა. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია. პირველად, ამერიკა ოფიციალურ დონეზე უმაღლესი მნიშვნელობის დოკუმენტში საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება." თქვა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა უწყებამ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. ამერიკის ფინანსური უსაფრთხოებისა და ინდუსტრიის უსაფრთხოების ბიურო წერს, რომ აშშ-სთვის ცნობილია იმ საეჭვო დერეფნების შესახებ, საიდანაც შესაძლოა, რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული პროდუქტი შედიოდეს. დოკუმენტი 28 ივნისით თარიღდება.