პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ტვ პირველის" ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, რომელიც 5 ივლისს სცემეს, ამბობს, რომ სიკვდილის მიზეზი ამასთან კავშირში არ არის. მისი განცხადებით, ცემასთან დაკავშირებით დამნაშავეები დასჯილები არიან.
"6 ადამიანი არის სწორედ ცემის ფაქტზე გასამართლებული, უკვე მისჯილი აქვთ მათ, შესაბამისად, დამნაშავეები, რაც შეეხება ცემას, დასჯილები არიან. რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, ეს მიზეზიც დადგენილია და იცით, რომ ცემასთან კავშირში, უშუალო კავშირში, არ არის", - თქვა პაპუაშვილმა.
დღეს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. 5 ივლისს "სირცვილიას" ოფისზე თავდასხმის დროს, სადარბაზოში ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. შსს-მ საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა.
ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, რადიკალებს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ დრომდე თავისუფლები არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.