მთხოვენ პერსონალურად მივაწოდო ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაცია ნიკასთან დაკავშირებით - გზავნილები ბრიუსელიდან

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას, სადაც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას განიხილავდნენ, ნიკა გვარამიას მეუღლე და ადვოკატიც ესწრებოდნენ. როგორც სოფო ლილუაშვილმა "დღის სტუმრის" ეთერში ჩართვისას თქვა, სხდომაზე ყველაზე ხშირად ისმოდა ტერმინები დეოლიგარქიზაცია, რომელიც შემდეგ ევროპარლამენტარებმავე განმარტეს, რომ დეივანიშვილიზაციას ნიშნავს. გარდა ამისა, სოფო ლილუაშვილის თქმითვე, დასავლელი პარტნიორები პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობენ:

"ყველა ერთად აღნიშნავენ, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. როგორც ჩემთან აღნიშნეს საუბრებში, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი სიტყვის სიმბოლო საქართველოში, ნიკა გვარამია იყოს გათავისუფლებული." ამბობს ლილუაშვილი.

როგორც მან თქვა, პერსონალური შეხვედრები ჰქონდა ევროდეპუტატ მირიამ ლექსმანთან და ევა კოპაჩთან:

"ორივე ერთხმად აღნიშნავს, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინააღმდეგობაშია ხალხის სურვილებთან. ისინი ერთხმად ამბობენ, რომ ხალხის ნება და ნიკა გვარამიას საპყრობილედან გათავისუფლება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის სასიკეთოდ შეიცვალოს მოვლენები.

ევა კოპაჩი ძალიან ბევრს მესაუბრა, მთხოვა გადამეცა პირადად ნიკასთვის, რომ არ დაავიწყდეს, რომ ის  მათ აჯენდაში სულ იქნება, ვიდრე არ გაათავისუფლებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ძალიან მალე გადაიყვანონ მიხელ სააკაშვილი სამკურნალოდ და გაათავისუფლონ ნიკა გვარამია.

აღნიშნავენ, რომ ძალიან რთულია ის, რასაც ნიკა გადის მთელი ეს წლები, მაგრამ აღნიშნავენ იმასაც, რომ ამას აუცილებლად ექნება საბოლოო ჯამში პოზიტიური შედეგი იმიტომ, რომ ის, რაც ნიკა გვარამიამ აკეთა თავის ქვეყნისთვის, არ შეიძლება უკვალოდ გაქრეს და დაიკარგოს და ნიკას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამ ხალხის იმედი პირადად. ეს რაც შეეხება მათ პირად გზავნილს ნიკასთან. ასევე მთხოვენ პერსონალურად მივაწოდო ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაცია ნიკასთან დაკავშირებით, რომ არ ჩამორჩნენ მოვლენებს და ინფორმირებული იყვნენ  ყველაფერზე." თქვა სოფო ლილუაშვილმა.

ევროპარლამენტარებს ქართველი ხალხისთვისაც აქვთ გზავნილი, განსაკუთრებით 20 ივნისის მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ - "პირადად მთხოვეს, ვისთვისაც საშუალება მექნებოდა გადამეცა, რომ ევროპა ქართველ ხალხის გვერდით დგას" თქვა სოფო ლილუაშვილმა ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვის დროს, გადაცემა "დღის სტუმარში".  

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი