ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას დღეს ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი და "მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი ესწრებოდნენ.
სხდომის შემდეგ მათ ევროპელ პოლიტიკოსებთან ჰქონდათ შეხვედრები, სადაც მთავარი საკითხი საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნის დასრულება იყო.
ევროპარლამენტარის, მირიამ ლექსმანის თქმით, 19 ივლისს, როდესაც სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი პროცესი გაიმართება, აქვთ მოლოდინი, რომ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს გაათავისუფლებენ.
"ევროპული კანონები მკაფიოდ გვეუბნება, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მესამე ქვეყნებში ადამიანის უფლებებს არღვევს, შესაძლოა, შეყვანილ იქნას სანქცირებულთა სიაში. საქართველოში ევროკავშირი დიდი ხანია ითხოვს, რომ იყოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და გატარდეს რეფორმები, რომლებიც არის წინაპირობა ამ ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. პოლიტიკური სასამართლო საქმეები არის ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რატომაც საქართველომ ეს სტატუსი ვერ მიიღო. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებითაც ცუდი სიტუაციაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 19 ივლისს, როდესაც სასამართლო საქმე გაიმართება, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს. ევროკავშირი არ დაიხევს უკან და არ შეცვლის იმ პირობებს, რომლებიც საჭიროა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს", - თქვა მირიამ ლექსმანმა.
იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია, საქმე 19 ივლისს განიხილონ და მოსამართლემ გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ისაუბრა. მან თქვა, რომ ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
"არ არის ჩვენთვის ცნობილი, რა დრო აქვს გამოყოფილი სასამართლოს და რა პროცესები განვითარდება 19 ივლისს, ანუ რა ეტაპების გავლას მოვასწრებთ. ერთი რაც ვიცით, ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და რა დაკვეთაც ექნება სასამართლოს, იმ დაკვეთას შეასრულებს. ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საჭიროა საქართველოსთვის, საქართველოს დასავლური მომავლისთვის", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ამავე თემაზე: