
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის განაჩენი სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მოსამართლე დღევანდელი დასკვნითი სხდომის შემდეგ, სათათბიროდ გავიდა.
დღეს ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლეს. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ უდანაშაულოა.
შეგახსენებთ, 2021 წლის 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. შატალოვას, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, 3 წლის შვილთან ერთად, ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა.
დაკავებულია 3 პირი - ბექა ლატარია, რომელსაც ბრალდება სსკ-ის 3 მუხლით აქვს წაყენებული: ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა [109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი], ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად [236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი] და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა [260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი];
მეორე ბრალდებულია ბიძინა ხასია. გამოძიება მასაც სსკ-ის 3 მუხლს ედავება - განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ჯგუფურად, და პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით [19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილი];
რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ლევან რაჯავის - მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ( პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) აქვს წარდგენილი.