არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ გოგაშვილმა მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გოგაშვილის საქმეში არ არის მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა სუს-ისგან მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა.

ადვოკატმა კომენტარი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. უფლებადამცველის განმარტებით, საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი შეეხება გოგაშვილსა და სუს-ის ყოფილ თანამშრომელს შორის საუბარს, სადაც გოგაშვილმა ერთ-ერთ პირს კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

ადვოკატის თქმით, მოცემული გარემოებების მიხედვით, პოტენციური დამნაშავე, არა სოსო გოგაშვილი, არამედ ის პირია, ვინც ინფორმაცია გასცა.

"არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოსო გოგაშვილმა რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, თუმცა არის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი და მოწმე, სადაც სოსო გოგაშვილი ერთ-ერთ პიროვნებას ეკითხება, ნამდვილად გადმოკვეთა თუ არა საზღვარი ამა და ამ პიროვნებამ.

იმ პერიოდში, როცა სოსო გოგაშვილმა ეს ინფორმაცია მოითხოვა კონკრეტული პირისგან, ეს მოწმე იყო სუს-ის თანამშრომელი, თუმცა დღეს აღარ მუშაობს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება, სოსო გოგაშვილი კი არ არის დამნაშავე, რომ ეს ინფორმაცია სთხოვა, არამედ ის პიროვნებაა სავარაუდოდ, პოტენციური დამნაშავე და ბრალდებული, ვინც გასცა ეს ინფორმაცია, მაგრამ წერილობით სოსო გოგაშვილს არანაირი ინფორმაცია არ მოუპოვებია რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით", - თქვა ადვოკატმა.

რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილს, გოგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ დოკუმენტები, რომელზეც პროკურატურა ამტკიცებს, რომ გოგაშვილის სახლში ნახეს, ჩადებულია. ადვოკატის თქმითვე, მასალები არ შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, თუმცა მის შინაარსზე ვერ საუბრობს:

"არ არის მოსმენები, არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, მაგრამ გეუბნებით, რომ არის გრიფით საიდუმლო და გვაქვს პირობა დადებული, რომლის მიხედვითაც არ გვაქვს უფლება ვთქვათ კონკრეტული შინაარსი ამ დოკუმენტების", - თქვა მან.

ცნობისთვის, გოგაშვილის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ გოგაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

როგორც ცნობილია, გამოძიება მას სამ ეპიზოდს ედავება, მათ შორისაა პირადი მონაცემების ხელყოფა, უფლებამოსილების გადამეტება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის ნაწილში საუბარია, 2021 წლის თებერვალში ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ინტერვიუზე, რა დროსაც ჟურნალისტმა, ნოდარ მელაძემ სოსო გოგაშვილს, ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებზე, კონსტანტინ რომანოვსკისა და დავით ადამიაზე ჰკითხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი