
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 39 წლის ვასილ მალიუკი დანიშნა. ის მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მან უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო ეროვნულ აკადემიაში იურისპრუდენციის განხრით. 2001 წლიდან მან დაიწყო მუშაობა უსაფრთხოების სამსახურში, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობები დეტექტივიდან განყოფილების უფროსის მოადგილემდე, მათ შორის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაც. 2020 წლის მარტში პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
ცნობისთვის, 17 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა უფლებამოსილება შეუჩერა გენერალურ პროკურორს, ირინა ვენედიქტოვასა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ივან ბაკანოვს - „ასობით სისხლის სამართლის საქმის გამო პროკურატურის თანამშრომლების ღალატისა და კოლაბორაციონისტული საქმიანობის გამო".