ცხოვრება უკიდურესად ძვირდება და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები ხვდებიან. შარშანდელთან შედარებით, 122 %-ით გაძვირდა წიწიბურა, რომელიც სოციალურად გაჭირვებული ოჯახების უმეტესობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ბოლო ერთ წელიწადში 25 პროცენტით მოიმატა გაღარიბებული მოსახლეობისთვის, ასევე ყველაზე მოთხოვნადმა ვერმიშელმა. მაკარონის ღირებულება 24 პროცენტით გაიზარდა, ბრინჯის ფასი კი 16 პროცენტით.

ფასების მატება ერთდროულად აწუხებთ მოვაჭრეებსაც და მოსახლეობასაც. გაძვირებული პროდუქტი მათ ერთდროულად აღარიბებს. მოვაჭრეები ვერ ყიდიან უმეტეს შემთხვევაში ვალად აღებულ პროდუქტს, ბაზარში მისული ხალხი კი ვერ ყიდულობს და სახლში მხოლოდ მცირე შენაძენით ბრუნდება. 

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში:

  • 47,4 პროცენტით არის გაზრდილი ნივრის ფასი;
  • პომიდორი 38 პროცენტით;
  • ჭარხალი - 33;
  • ქათმის ბარკალი - 30;
  • იმერული ყველი - 27; 
  • ხმელი ლობიო - 26;
  • მაიონეზი - 19;
  • ნაყინი - 18;
  • დაფქვილი ყავა - 18; 
  • ძროხის ხორცის ფარში - 18;
  •  ძროხის ხორცი - 15;
  • გაყინული ქათმის ხორცი - 13;
  • კარაქი - 12;
  • შაქარი - 12;
  • პურპროდუქტები - 10.

ფასების მატების პარალელურად გაუფასურებულია ლარი და 6 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი ინფლაციის დონე. ეკონომისტების შეფასებით, დღეს ქვეყნაში ერთდროულად გვაქვს როგორც დაპაუზებული ეკონომიკა, ისე ლარის ვარდნა. 

პროდუქების გაძვირების კიდევ ერთი ფაქტორი იმპორტირებული პროდუქტია, რომელიც სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს. საქსტატის ერეთი წლის მონაცემებით საგრძნობლად არის გაძვირებული ხილიც, მათ შორის თითქმის 96 პროცენტით მოიმატა ვაშლის ღირებულებამ. ციტრუსებიდან ყველაზე გაძვირებულია ლიმონი. 

ეკონომისტები ამბობენ, რომ ხელისუფელბა ვერ აჩერებს ფასების მატებას, მათ შორის ვერც ეკონომიკური და ვერც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით. ფასები იზრდება არა მარტო სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე, გაძვირდა ჯანდაცვის სერვისიც. ეს კი ყველაზე მეტად, ისევ გაჭირვებულ ფენას აღარიბებს.  

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 90 პროცენტით არის გაძვირებული მედიკამენტებიც, რაც ასევე მძიმე ტვირთად აწვება დაბალშემოსავლიან მოსახლეობას და პენსიონერებს. ეკონომისტები ვითარების გასაუმჯობესებლად ხელისუფლებისგან დროულ და სწორ ნაბიჯებს ელოდებიან, თუმცა ამბობენ, აქამდე მსგავსი გადაწყვეტილებები ვერ ნახეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი