"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობის შემოტანის შესახებ ისაუბრა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გუშინ კომპანია "გალფმა" დაადასტურა, რომ საწვავს "როსნეფტიდან" ყიდულობს, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან "უკრაინელი ხალხის მკვლელობაში თანამონაწილეობას" ნიშნავს.
"იმ ფონზე, როცა უკიდურესად იზრდება საქართველოში საწვავის ფასი, იმ ფონზე, როცა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ისტორიულად ძვირი ფასის გადახდა საწვავში, ამასობაში ჩვენ გუშინ კიდევ ერთი ფაქტი ვნახეთ, როცა საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი. გუშინ ეს "გალფმა" დაადასტურა და თქვა, რომ დიახ, "როსნეფტის" სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ საქართველოში. ეს პირდაპირ ნიშნავს რუსულ ეკონომიკაში ჩასხმულ თანხებს, ანუ ჩვენი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის, მცოცავი ოკუპაციის გაძლიერებას, უკრაინელი ხალხის მკვლელობაში თანამონაწილეობას და ამ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, "გალფის" მთავარი "პატრონი" საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, რომელსაც სანქცირებული საწვავის შემოტანაში შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე ეხმარება.
"ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, "გალფის" მთავარი პატრონი საქართველოში არის ბატონი ლილუაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელი, რომელმაც თავის დროზე ბატონი ვლადიმერ ხუნდაძე დანიშნა ფინანსთა სამინისტროში, რომელიც კურირებს საბაჟოზე ამ ტვირთების გატარება-არგატარების საკითხს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "მთავარ არხზე" გასული სიუჟეტის შემდეგ, უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და კომპანია "პეტროკასი", რომელიც საწვავს ასევე "როსნეფტიდან" ყიდულობდა, დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.
გარდა ამისა, ენმ-ის წევრმა ფოთის პორტის შესახებ ისაუბრა, სადაც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი სანქცირებული ტვირთების გატარებას უზრუნველყოფს.
"ასევე მნიშვნელოვანია, ფოთის პორტში ერთ ფეოდალი კაცი, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენის, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ფოთის პორტში მსგავსი ტვირთების გატარებას და ამ კრიმინალური საქმიანობის განხორციელებას... უნდა იცოდეს ვანო ჩხარტიშვილმა პირადად, ფოთის პორტთან დაკავშირებით, სადაც ფაქტობრივად გადასახადებს არ იხდის და იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის მთავარი საყრდენი მათ შორის "როსნეფტის" და "პეტროკასის", ჩვენ უახლოეს პერიოდში ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული კვლევები და მტკიცებულები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენმა პარტნიორებმა - აშშ-მა, ევროკავშირმა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორც კომპანიების, ისე ადამიანების დასანქცირებისთვის", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.