ზუსტად მეცნო ის მეთოდები, რაზეც უკვე მე მესამე წელიწადზე მეტია ვსაუბრობ, - ამბობს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, დღეს გასაჯაროებული დოკუმენტაციის შეფასებისას.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაცემული ფაილები დღეს გასაჯაროვდა. დოკუმენტებში გადმოცემულია ფაქტები, როგორ იყენებს "ოცნების" ხელისუფლება საარჩევნოდ საჯარო მოხელეებს და როგორ ნიშნავს და ათავისუფლებს პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორებს.
ბაჩანა შენგელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებამ კერზაიას საქმე თავის დროზე იმის გამო დახურა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა, ახლა კი გასაჯაროებული დოკუმენტაციით, გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რის გამოც ხელახალი გამოძიება უნდა დაიწყოს:
"დედაჩემის მიმართ მიმდინარეობდა ამ ტიპის ზეწოლა ყველანაირი მხრიდან და ზუსტად მეცნო ის მეთოდები, რაზეც უკვე მე მესამე წელიწადზე მეტია ვსაუბრობ. შესაბამისად, ეს არის ის შედეგი, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება, სხვა ადამიანების ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენა და საბოლოოდ ეს არის ის ტოტალური ტერორი, რაც წლებია ამ ქვეყანაში მიმდინარეობს.
მათ, ხომ თქვეს ჩემი გამოძიების ფარგლებში, რომ არ ყოფილა არანაირი ზეწოლა, ახალი დოკუმენტების საფუძველზე მათ შეუძლიათ იურიდიულად ახლად აღმოჩენილი, ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო დაიწყონ გამოძიება, მოვუწოდებ, რომ დაიწყონ გამოძიება", - ამბობს ბაჩანა შენგელია
ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. 2018 წელს ის განათლების სამინისტროსა და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ია კერზაიას ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.
არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიჩნევენ, რომ გასაჯაროებული დოკუმენტაცია კერზაიას საქმის გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი უნდა გახდეს.